logo
ENG



"ვოთერბორდინგი", გაუპატიურება, ფრჩხილების დაძრობა - AI ირანის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

02 სექ 202016:52
3 წუთის საკითხავი
 
bwwvgv8vcptis56.jpg

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International (AI) ირანში 2019 წლის დემონსტრაციების დროს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ძალადობისა და სისასტიკის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ირანის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი უკანონოდ დააკავა, ასობით აწამა, რამდენიმე ათეული პატიმარი კი მოკლა. 

დემონსტრაციები ირანში 2019 წლის ნოემბერში ბენზინის ფასის გაძვირებას მოჰყვა, რაც აშშ-ის მხრიდან ირანისთვის 2018 წელს დაწესებული სანქციების შედეგი იყო. დემონსტრაციები ძალოვანმა უწყებებმა ძალადობრივად დაშალეს, რასაც მასობრივი დაპატიმრებები და ინტერნეტსერვისის თითქმის სრულად შეზღუდვა უსწრებდა წინ. 

AI-მ 7 000-მდე დაპატიმრებულის წერილობითი ჩვენება შეაგროვა, ასევე  ვიდეოჩანაწერები, სასამართლო დოკუმენტაცია და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. დაკავებულებს შორის 10 წლის ბავშვებიც აღმოჩნდნენ. 

გამოკვლეული მასალა "ადამიანის უფლებათა დარღვევის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, დაუსაბუთებელ, თვითნებურ დაპატიმრებებს, ადამიანების იძულებით გაუჩინარებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას" მოიცავს. 

ორგანიზაციის ცნობით, დაპატიმრებულებს წამების გზით აღიარებითი ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ, თითქოს ისინი დემონსტრაციებში ოპოზიციურ ჯგუფებთან და რამდენიმე უცხოურ ქვეყანასთან, მათ შორის, აშშ-სთან თანამშრომლობის გამო მონაწილეობდნენ. 

AI-ს ახლო აღმოსავლეთის ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე დიანა ელტაჰავი ყვება, რომ ძალოვანები პატიმრებს ძალადობისა და წამების გზით ვიდეოაღიარებების გადაღებას აიძულებდნენ, შემდეგ კი ჩანაწერებს სახელმწიფოს პროპაგანდისტული ტელევიზიების ეთერებში უშვებდნენ. 

უკანონოდ დაპატიმრებულებს სასამართლო 1 თვიდან 10 წლამდე პატიმრობას უსჯიდა. 

წამების პროცესში ძალოვანები სხვადასხვა არაადამიანურ ტექნიკას იყენებდნენ: "უოთერბორდინგს", ცემას, ელექტროშოკით წამებას, გენიტალიების არეში წიწაკის სპრეის გამოყენებას, სექსუალურ ძალადობას, დაშინების მიზნით სიკვდილით დასჯის ინსცენირებას, ფრჩხილების დაძრობას და ა.შ. 

ერთ-ერთი დაპატიმრებული ჰყვება, რომ წამების დროს ძალოვნებმა კიდურებით ბოძზე დაკიდეს. მისი თქმით, მწამებლები მეთოდს "ქათმის ქებაბს" უწოდებდნენ. 

მიმდინარე წლის მაისში ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნოემბრის დემონსტრაციებისას,  ბენზინგასამართი სადგურებისთვის ცეცხლის წაკიდების, პოლიციელებზე თავდასხმისა და მაღაზიების დარბევის დროს 230 დემონსტრანტი დაიღუპა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის ცნობით კი, პოლიციის მხრიდან დემონსტრაციების დარბევის დროს, სულ მცირე, 400 ადამიანია დაღუპული. 

ირანის ხელისუფლებამ არეულობაში ბრალი ისრაელის, აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ წაქეზებულ კრიმინალებს დასდო, ნოემბრის დემონსტრაციები კი "ძალიან საშიშ კონსპირაციად" შერაცხა. 

თეირანის უნივერსიტეტში ჩრდილოეთი ამერიკის სწავლებების პროფესორი მოჰამედ მარანდი ამბობს, რომ Amnesty International არასანდო ორგანიზაციაა რადგან მას დასავლური ქვეყნები, მათ შორის, აშშ უჭერს მხარს. 

"Amnesty Internartional არაობიექტური და განსაკუთრებით, ირანის მიმართ მიკრეძოებული ორგანიზაციაა", - ამბობს პროფესორი Aljazeera-სთან საუბრისას. 

 

 

 

 


close დახურვა